„ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკაა“ – უნდა ველოდოთ თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვებს
05/04/2021 07:35:03 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა, რაიმე სახის შეზღუდვები.
"ჩვენთვის, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე ვიფიქროთ.
ამ ეტაპისთვის, ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე.
ამ ეტაპისთვის, საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით. რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან, ამ ეტაპისთვის, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე, გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა, დღესასწაულებთან მიმართებაში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მხრივ დაახლოებით ისეთივე სურათია, როგორიც ოქტომბერში იყო.
"ბოლო 2 კვირა, 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა შეიმჩნევა. ამ დინამიკას არ აქვს ნახტომისებური სახე. ის ნელ-ნელა იმატებს. ასევე შეიმჩნევა დინამიკა აქტიური შემთხვევების და ეს არის დაახლოებით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის. გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც გვქონდა.
მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ და, ოდნავ გამოჩნდა დინამიკა პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოვარდნილი იყო 75%-დან 43%-ზე, ბოლო მონაცემით გვაქვს 51%. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80 და საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შესაბამისად, მშვიდად.
ასევე, დისტანციის დაცვა, ჰიგიენური პირობები და რაც მთავარია, რამდენიმე ადგილზე ჩვენ გვაქვს კლასტერული გავრცელება, შიდა ქართლში, სამეგრელოში, გურიაში. ყველა ეს დაიწყო ისევ და ისევ დიდი თავშეყრებისგან, დაკავშირებულია ქელეხებთან და დიდ ქორწილებთან. ამიტომ, ისევ და ისევ მოწოდება, რომ როგორმე თავი შევიკავოთ. მოსახლეობა არ დაყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, თუ არ გვინდა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, გავითავისოთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ დღეში საშუალოდ 1 000 ადამიანი იცრება, ხოლო საჭირო 3 000–მდე ადამიანის აცრაა.


