SINOPHARM-ით ვაქცინაცია შესაძლოა, ჯანმო-ს ავტორიზაციამდე დაიწყოს
05/04/2021 07:04:53 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური წარმოების SINOPHARM-ით ვაქცინაციის პროცესის დაწყების თარიღის შესახებ ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს.
ამასთან, მინისტრის თქმით, ისინი ელოდებიან ჯანმოს გადაწყვეტილებასაც, რომელმაც SINOPHARM-ის ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს.
"ჩვენ ამ კვირაში მოვიწვევთ ვაქცინაციის საბჭოს და ამ საბჭოზე დამატებით ვიმსჯელეთ, თუ როგორი იქნება მიდგომა. ასევე, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რადგან ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ აპრილის შუა რიცხვებში SINOPHARM-ი ელოდება მათი მხრიდან რეგისტრაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდულიც. თუმცა, კოვიდსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება,"- აცხადებს მინისტრი.
ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ სინოფარმით მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე ემტია აცრილი, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ არსებობს:
"სინოფარმით მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე ემტია აცრილი, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. WHO-სგან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როდის იქნება შესაძლებელი ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის დაწყება".
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს:
"ჩვენი არეალი და იარაღი უფრო ფართოვდება კოვიდთან ბრძოლაში, უკვე მესამე ვაქცინაა ქვეყანაში. SINOPHARM--ის, გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში - ბრაზილია, ჩილე, ევროპის ქვეყნებიდან უნგრეთი, სერბეთი და ა.შ. დაახლოებით, 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს მას. ის არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა“.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.
ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო.
ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ.


