"დაასრულე "კომენდანტი!" - პროტესტის ღამე თბილისსა და ბათუმში
04/04/2021 05:00:45 საზოგადოება
აქციის "დაასრულე "კომენდანტი!" მონაწილეებმა ღამე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გაათენეს. აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა და ჯერ–ჯერობით არავინ დაუჯარიმებიათ.
ორგანიზატორებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. მთელი ღამის განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე მუსიკის ხმა ისმოდა.
კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით "სირცხვილიას" აქტივისტები, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები და უბრალო მოქალაქეები გუშინ, 3 აპრილს სამ ლოკაციაზე - "წითელ ბაღთან", "ვაკის პარკსა" და თსუ-სთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.
თბილისის აქცია სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმშიც, თუმცა იქ ვითარება შედარებით დაძაბული იყო. სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, ბათუმში, მათ ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დააკავეს:
"აჭარის პოლიცია შეიჭრა ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციის ოფისში, სადაც ისევე როგორც პარლამენტის წინ, იმართებოდა დაუმორჩილებლობის აქცია. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი".
მოგვიანებით, „სირცხვილიას” აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ბათუმში ჩასვლას და გასულ ღამეს მომხდარი მოვლენების გაპროტესტებას აპირებენ.
საქართველოში "კომენდანტის საათი" უკვე რამდენიმე თვეა, მოქმედებს.


