კაპიტოლიუმს ე.წ. ლოქდაუნის რეჟიმი მოუხსნეს
02/04/2021 20:15:56 მსოფლიო
აშშ–ის კაპიტოლიუმს ე.წ. ლოქდაუნის რეჟიმი მოუხსნეს. თუმცა ადგილზე უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია.
კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იოგანანდა პიტმანი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმთან მომხდარ თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა.
"კაპიტოლიუმთან, კონსტიტუციის გამზირზე ავტომობილი ჯერ პოლიციელებს შეეჯახა, შემდეგ კი – ბარიკადს. მანქანიდან გადმოსვლის დროს მძღოლს ხელში დანა ჰქონდა და ერთ–ერთი პოლიციელი დაჭრა. აღნიშნულის შემდეგ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარის შედეგად დაშავებული 2 სამართალდამცველი და თავდასხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ერთ–ერთი პოლიციელი და თავდამსხმელი დაიღუპნენ. რთული დრო გვიდგას. ვთხოვ მოსახლეობას კაპიტოლიუმის პოლიცია და მისი ოჯახის წევრები ლოცვებში მოიხსენიოს", – აცხადებს პიტმანი.
კაპიტოლიუმთან ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალები ამ დრომდე რჩებიან.
თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია. თუმცა კოლუმბიის ოლქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი რობერტ კონტი აცხადებს, რომ მომხდარი, დიდი ალბათობით, ტერორიზმს არ უკავშირდება.
"ამ მომენტისთვის, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მომხდარი ტერორიზმს უკავშირდება. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და შევეცდებით დავადგინოთ, არსებობს თუ არა რამე კავშირი ამ ვერსიასთან დაკავშირებით", - აცხადებს კონტი.


