Accentnews.ge
შსს–ს თქმით, 20 ივნისის ღამეს ქვეყანაში აკრედიტებული ელჩებიდან პარლამენტში მხოლოდ გერმანიის ელჩი იმყოფებოდა

შსს–ს თქმით, 20 ივნისის ღამეს ქვეყანაში აკრედიტებული ელჩებიდან პარლამენტში მხოლოდ გერმანიის ელჩი იმყოფებოდა

12/07/2019 09:50:30 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე გუშინ შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ელჩების შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„20 ივნისის ღამეს თუ გახსოვთ, გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან.  რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის, აშშ–ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის არც ელჩები და არც მათი საელჩოებიდან წარმომადგენლები 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილან. 

რაც შეეხება გერმანიის ელჩს, საელჩო კომენტარს არ აკეთებს, იმყოფებოდა თუ არა აქციის დაშლისას საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლამდე კადრებში ჩანს, რომ გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა. 

11 ივლისს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ საელჩოების წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S