ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5 000 ერთეულამდე გაზრდაზე შეთანხმება გაფორმდა
02/04/2021 13:22:10 საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული, გერმანული მხარისგან კი 515-მდე ვაკანსიაა.
მისივე ცნობით, ვაკანსიებია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან.
"დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 5 მარტს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5 000 ერთეულამდე გაზრდაზე დამატებითი შეთანხმებაც გაფორმდა. უკვე დაწყებულია ტრეინინგები, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებისა და სოციალურ გარანტიების შესახებ. გამგზავრებისწინა ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება", – აცხადებენ სააგენტოში.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება.
რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/ შეგახსენებთ, რომ დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.


