არჩილ ტატუნაშვილის მამა: "როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ"
02/04/2021 11:06:39 საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის მამა მისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს.
გივი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს.
"ისინი ევროპაში გამსვლელები და საქართველოში ჩამომსვლელები არ არიან, თუ ვინმე დააკავებს ეს უნდა გააკეთოს რუსეთმა, რუსეთი კიდევ მაგას გამკეთებელი არაა, რა თქმა უნდა. ისინი არ დაისჯებიან. როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ. [საქართველოს ხელისუფლება ლმობიერი] ეგრე რომ არ იყოს ჩემი შვილის მკვლელები დღეს დაუსჯელები არ იქნებოდნენ", – აცხადებს გივი ტატუნაშვილი.
არჩილ ტატუნაშვილი დედის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მისი შევილის მკვლელების დასჯის არანაირი ბერკეტი არ აქვს:
"ისინი აქეთ არ გადმოდიან და ამათ იქ ხელი არ მიუწვდებათ".
რუსუდან ტატუნაშვილის თქმით, "ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტის გამო ძალიან განერვიულდა":
"ჩვენ საკუთარ ოჯახებშიც არ გვიშვებენ, ამის გულისთვის გვსჯიან, კლავენ ჩვენ შვილებს, თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ და დროს სატარებალად, რა რეაქცია უნდა მქონოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გავნერვიულდი".
ცნობისთის: არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და უკან აღარ დაუბრუნებიათ.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.


