სასტუმრო „რუმსი“ ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით შეძახილების ფონზე დატოვეს
01/04/2021 03:00:22 საზოგადოება
სასტუმრო „რუმსი“ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა დატოვეს. ისინი ავტობუსში პოლიციის კორდონის საშუალებით ჩასხდნენ.
აქტივიტებმა „რუმსთან“ მისულ ავტობუსს კვერცხები ესროლეს.
აქციის მონაწილეებმა პოზნერის სტუმრები შეძახილების ფონზე გააცილეს.
იყო თუ არა აღნიშნულ პირებს შორის თავად პოზნერი უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, მან სასტუმრო მანამდე დატოვა.
არსებული ინფორმაციით, პოზნერის სტუმრები აეროპორტისკენ მიემართებიან.
ცნობისთვის: ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მისი თქმით, იგი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით იმყოფება. მასთან ერთადაა 40-მდე სტუმარიც. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.


