სასტუმროსთან, სადაც ვლადიმერ პოზნერმა მეგობრებთან ერთად "ვინოტელიდან" გადაინაცვლა, კვლავ ხმაურია
31/03/2021 20:24:33 საზოგადოება
სასტუმროსთან, სადაც რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა მეგობრებთან ერთად "ვინოტელიდან" გადაინაცვლა, კვლავ ხმაურია.
სამოქალაქო აქტივისტები აქციას ამჟამად "რუმს ჰოტელთან" მართავენ.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა თანხმლებ პირებთან ერთად სასტუმრო "ვინოტელი" ავტობუსით პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტი შეძახილებით -"რუსეთი ოკუპანტია" გააცილეს.
რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სასტუმრო "ვინოტელთან", სადაც იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.
"ვინოტელთან" შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემდნენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ "აღკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ "კომენდანტის საათის" დარღვევა". სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმროს ელექტროენერგიაც გაუთიშეს.
შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" 10 000 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაურღვევია.
მისივე ცნობით, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.
„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- აცხადებენ შსს–ში.


