Accentnews.ge
სასტუმროსთან, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, ვითარება დაიძაბა

სასტუმროსთან, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, ვითარება დაიძაბა

31/03/2021 19:42:02 საზოგადოება

სასტუმროსთან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სასტუმროს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

პოლიცია აქტივისტების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობს.

ადგილზე ერთი სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ტერიტორიიდან გამოიყვანეს.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სასტუმრო "ვინოტელთან", სადაც იგი ახლა მეგობრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. "ვინოტელთან" შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ "აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ "კომენდანტის საათის" დარღვევა". ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმროს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ მოქმედებით მიანიშნებენ რუს სტუმრებს, რომ საქართველო უნდა დატოვონ.

შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" 10 000 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაურღვევია.

მისივე ცნობით, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S