Accentnews.ge
მორიგი ანტირეკორდი: რა ეშველება ლარს?

მორიგი ანტირეკორდი: რა ეშველება ლარს?

31/03/2021 09:38:11 ეკონომიკა

ეროვნული ვალუტა საკუთარი ანტირეკორდის მოხსნას განაგრძობს: ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალზე დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 3, 46 თეთრი იყო, სავალუტო ჯიხურებში კი ერთ დოლარის ფასი 3. 52 ლარსაც კი აღწევს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის პროგნოზით, თუ ეროვნული ბანკი დღეს ინტერვენციას არ განახორციელებს და ხელოვნურად არ შეეცდება ლარის სწრაფი გაუფასურების შეჩერებას, შეიძლება, მდგომარეობა უკიდურესად გართულდეს.

„როდესაც ბიუჯეტში მილიარდობით ნასესხები ფულია და იგი უცხოურ ვალუტაში ეროვნულ ბანკის რეზერვებში ილექება, ხოლო ლარში მიმოქცევაში გადის, ინტერვენციების დაგვიანება წარმოქმნის ვალუტის დეფიციტს, პანიკას და უარყოფით მოლოდინებს. ლარის დღევანდელი გაუფასურება არის დიდწილად ეროვნული ბანკის სინდისზე", - ამბობს რომან გოცირიძე.

ეკონომისტი პაატა შეშელიძე გარდა შეზღუდული ბიზნესსაქმიანობისა, პრობლემას დედოლარიზაციასთან დაკავშირებულ მიდგომაშიც ხედავს:

„ეროვნული ბანკის მიდგომა, რომელიც დედოლარიზაციას გულისხმობს, აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. პირიქით, გვჭირდება ეროვნული ვალუტის დოლართან მყარი ბმა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ინტეგრაციის თვალსაზრისით გარანტირებული ვიყოთ. საერთაშორისო ბაზრებისგან დამოუკიდებელი ლარი ყოველთვის გაუფასურდება, რადგან ის არავის სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ შეზღუდულია ბიზნესსაქმიანობა, უცხოური ვალუტის შემოდინება არ ხდება. ეროვნული ბანკი მთავარი პასუხისმგებელი ორგანიზაციაა იმაზე, რაც მონეტარულ სფეროში ხდება. ისინი კი ამბობენ, რომ „მხოლოდ ინფლაციაზე ვაგებთ პასუხსო“, მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. თუ მიდგომა არ შეიცვლება, პროცესი გაგრძელდება და ეს ერთი თვის წინ არ დაწყებულა: გრძელდება 2012 წლის ბოლოდან“.

მიუხედავად როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებისა, სპეციალისტებისთვის ბოლო დღეების განმავლობაში ლარის მსგავსი სწრაფი ტემპით გაუფასურება მაინც მოულოდნელი იყო:

„შეუძლებელია, ამის მოლოდინი ვინმეს ჰქონოდა, რომ 3,3–დან ორ დღეში კურსი 3,46 ლარი გახდებოდა“, – ამბობს გიორგი პაპავა და აღნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში არ არის ის ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, გვქონოდა გრძელვადიანად სტაბილური კურსი.

შექმნილ ვითარებაში ბიზნესი სახელმწიფოსგან ხელშეწყობას მოითხოვს და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები პრემიერ–მინისტრს ხვდებიან. ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის რანგში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე აღინიშნა, ერთ–ერთი მთავარი სამსჯელო საკითხი ეკონომიკის სწრაფი გახსნა და ეროვნული ვალუტაა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა რეალურად, ლარის კურსია. ყველა ვხედავთ, რომ ლარი ძალიან გაუფასურდა. გვაინტერესებს, რა არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეიძლება, რომ მთავრობამ შემოგვთავაზოს ეროვნულ ბანკთან ერთად, რომ ლარი დავასტაბილუროთ, რადგან ეს ურტყამს მოსახლეობას, ბიზნესს და ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება. ვაქცინაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გახსნისთვის, მაგრამ ჯერ შორს ვართ“,– განაცხადა კომპანია „ბიდიოს“ მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა.

„რედიქსის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, საუბარი მაკროეკონომიკურ საკითხებს შეეხება:

„ლარის გაუფასურება ძალიან ცუდად აისახება არა მხოლოდ ბიზნესზე, თითოეულ მოქალაქეზე, ამიტომ, რაღაც უნდა ვიღონოთ! ძირითადი თემა იქნება მაკროეკონომიკური საკითხები, მათ შორის, შედის ლარი, საბანკო რეგულაციები, ფისკალური პოლიტიკა“.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის შეფასებით, „სახეზეა მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ამიტომ, ბევრია გამოწვევა და გვინდა, რომ პრობლემებს ერთობლივად მივხედოთ“.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კურსის გამყარებისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც შეზღუდვების მოხსნასა და ეკონომიკის ამოქმედებაში გამოიხატება.

როგორც მინისტრი ამბობს, მიმდინარეობს მსჯელობა, რა პირობებითაა შესაძლებელი სახმელეთო საზღვრების გახსნა, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავლებს მოუტანს:

"ხელისუფლება ლარის კურსის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც ეკონომიკის ამოქმედებასა და შეზღუდვების მოხსნაში გამოიხატება.ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაშია. იცით, რომ ჩვენ უკვე მოვხსენით ძირითადი შეზღუდვები, რათა ტურიზმი აღდგეს; მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც მესამე ტალღასთან დაკავშირებული გართულებების პრევენცია იქნება. ტურიზმი ქვეყანაში დამატებით ვალუტას შემოიტანს", - ამბობს მინისტრი.

ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებში, საიდანაც ქვეყანა ტრადიციულად, ყველაზე მეტ ვიზიტორს იღებს – სომხეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის მესამე ტალღის დაწყება დაანონსდა, საქართველოში კი აღნიშნულს აპრილში ელიან, რადგან ვაქცინაციის ნელი ტემპიდან გამომდინარე, მესამე ტალღის თავიდან არიდება ვერ ესწრება. პარალელურად, იმატებს ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი და ანონსდება შეზღუდვების გამკაცრებაც, რაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში, პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ხელისუფლების მხრიდან რეგულაციების თაობაზე გაჟღერებული წინადადებაც კი ბადებს ნეგატიურ მოლოდინს, შესაბამისად, ბიზნესი კვლავ დაკვირვების რეჟიმში გადავა, რაც გულისხმობს ნაკლებ ინვეცტიციას, ნაკლებ სამუშაო ადგილს, შემოსავლის კლებას, რაც ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებისა და ფასების ზრდის პირობებში, ისედაც მნიშვნელოვნად შემცირდა.

მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზის ოპტიმისტური სცენარით, საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ბოლო ერთი წელია, შემცირების ტენდენციას განიცდის, 2019 წლის ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო პესიმისტური სცენარით – 2024 წელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S