ტიკარაძის თქმით, კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთებას 55 წელს ზემოთ ადამიანებიც შეძლებენ
31/03/2021 08:55:28 საზოგადოება
საქღთველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის ჯგუფს დაემატება 55 წლის ზემოთ ადამიანები, კერძოდ ეს ასაკობრივი ჯგუფიც შეძლებს, დარეგისტრირდეს კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად.
"ეს გამოწვეულია იქედან, რომ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგია აქტივობა 65 წელს ზემოთ ადამიანებში. ასევე, დიდი მოთხოვნა იყო 55 წელს ზემოთ ჯგუფში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის: საქართველოს დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის (NCDC) ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის სულ აცრილია 6 757 ადამიანი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებია ხელმისაწვდომი. აცრის შესაძლებლობა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს ზომოთ წლის მოქალაქეებს აქვთ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 281 761 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 167 პირი გამოჯანმრთელდა, 3 778 პაციენტი გარდაიცვალა.


