გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა შერჩევა კიდევ სამ რეგიონში იწყება
30/03/2021 12:08:40 საზოგადოება, რეკლამა
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ დარეგისტრირდა 97 621 აპლიკანტი, ვინც გამოხატა ინტერესი გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი http://workabroad.moh.gov.ge/ 15 თებერვლიდან ამოქმედდა. დღეისათვის რეგიონების მიხედვით რეგისტრაციის სტატისტიკა შემდეგნაირია:
• თბილისი - 28794 პირი
• აჭარა - 15754 პირი
• იმერეთი - 14954 პირი
• სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7682 პირი
• ქვემო ქართლი - 7118 პირი
• შიდა ქართლი - 6966 პირი
• კახეთი - 5707 პირი
• გურია - 4321 პირი
• სამცხე-ჯავახეთი - 3825 პირი
• მცხეთა-მთიანეთი - 1756 პირი
რაც შეეხება პორტალზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საბოლოო სტატისტიკას გენდერულ ჭრილში, მონაცემი ასეთი:
- ქალი - 21 155;
- მამაკაცი - 76 466.
ასაკობრივ ჭრილში:
- 18-29წ - 30 911 პირი;
- 30-45წ - 43 712 პირი;
- 46-59წ. - 22 998 პირი.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მონაცემებით, 30 მარტის მდგომარეობით, გერმანული მხარისგან მოწოდებულია 475 - მდე ვაკანსია, მათგან ნაწილი საგაზაფხულო სამუშაოზე მოდის: დასაქმება ხორციელდება სოფლის მეურნეობის სექტორში და მოიცავს სხვადასხვა კულტურის მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას - მოსავლის აღება, დახარისხება, შეფუთვა, დასაწყობება.
სააგენტოს ცნობით, ვაკანსიები შემოსულია შტუდგარდისა და ბრანდენბურგის დამსაქმებლებისგან, თუმცა დაგეგმილია გერმანელ დამსაქმებელთა არეალის გაფართოებაც. შერჩევის პროცესი გრძელდება აჭარაში, გურიასა და იმერეთში. ახლა, შერჩეული კანდიდატების კონტრაქტების გამოგზავნის და საბუთების შეგროვების ეტაპია. აპრილის დასაწყისში კი ცნობილი გახდება შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რაოდენობა.
სააგენტო აგრძელებს კონსულტაციებს რეგიონების მიხედვით და აპლიკაციების გაგზავნას გერმანულ მხარესთან, მათი მოთხოვნის შესაბამისად.
უახლოეს დღეებში კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყება შიდა ქართლში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაგეგმილი აქვს ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიცვას გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების მსურველების შერჩევის პროცესი.
სეზონური მუშაკების გამგზავრება კონკრეტულ სამუშაო შეთავაზებაში განსაზღვრული თარიღის მიხედვით იგეგმება. შერჩეული კანდიდატების პირველი, მცირე, ნაწილი გერმანიაში აპრილის პირველ რიცხვებში უნდა გაემგზავროს, უმეტესი ნაწილი – ივნისში, ივლისსა და ოქტომბერში.


