ქართველი მწარმოებლები და დისტრიბუტორები „კარფურს“ უჩივიან
30/03/2021 09:51:56 ეკონომიკა
ქართველი მწარმოებლები და იმპორტიორები „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ინფორმაციით, საუბარია თანხების მითვისებაზე, რომელსაც ქსელი ქართულ კომპანიებს დროულად არ ურიცხავს, წლების განმავლობაში გჭიანურებული დავები კი მწარმოებლებსა და იმპორტიორებს მნიშვნელოვან ფინანსურ დარტყმას აყენებს.
„დაარსების დღიდან არაერთ ქსელურ მარკეტთან გვქონია კონსტრუქციული შეხვედრა, მათ შორის, გვქონდა მცდელობა „კარფურთან“, რომ გაგვერკვია მათი პოლიტიკა, მათ შორის, იმ პრობლემაზე, რომელიც ახლა „გასკდა“, თუმცა მათი მხრიდან პასუხი არც ყოფილა. მათ მიმწოდებელ კომპანიებთან საკმაოდ სერიოზული პრობლემა აქვთ კომუნიკაციის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათთვის თანხების ჩამოჭრა ხდება, რომელიც ცალსახად არ ეკუთვნით. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თანხა, რომელსაც ისინი აჭრიან მიმწოდებლებს, არც ფაქტურით და არც მიწოდება–ჩაბარების აქტით ადასტურებენ. ეს მავნე პრაქტიკა წლებია, არსებობს. ახლა ამან უბრალოდ მასშტაბური სახე მიიღო. რამოდენიმე თვის წინ ათობით კომპანიამ მოგვართა ჩვენ და თითქმის ყველას ანალოგიური პრობლემა ჰქონდა. ჩვენ ამ სარჩელით ბოლომდე მივალთ. რაც შეეხება ზარალს, ინდივიდუალურია, საუბარია ასობით ათას ლარზე, რომელსაც კომპანია არ რიცხავს“,– განაცხადა ივა ჭყონიამ.


