2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, 46 520 დაიბადა
30/03/2021 07:33:24 საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში გასულ წელს 46 520 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.7%–ით.
საქსტატის ცნობით, 2020 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 15 271 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 259 ბავშვი.
დაბადებულთა საერთო რაოდენობაში 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 38.0%, მეორე შვილის წილი შემცირდა 36.5%–იდან 35.8%–მდე, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 24.7%–დან 25.8%–მდე გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს წინა წელთან სედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30%–დან 28.4%–მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1%–დან 67.2%–მდე გაიზარდა. ასევე ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 3.8%–დან 4.4%–მდე გაიზარდა. 2020 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.8 წლით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%––ით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 13 878 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 764 კაცი.
2020 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის 4 017 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვემო ქართლის რეგიონისა. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.9 პრომილე შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს, რეგისტრირებულია 16 359 ქორწინება, რაც 29.7%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 28.1 წელს შეადგენს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს. ამასთან, 2020 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 7 643 ერთეული შეადგინა, რაც 31.8%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


