
გიორგი გახარია: „პანკისის მოვლენებსაც თავისი შედეგები მოჰყვება“
11/07/2019 17:40:45 სხვა, სამართალი
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც საუბარია პასუხისმგებლობაზე, პანკისისა და 20–21 ივნისის მოვლენებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.
„პანკისის შემთხვევა არის განსაკუთრებული. პანკისში იდგა ხალხი, ხალხის უკან კი კომერციული ინტერესი. იქ უნდა ყოფილიყო თუ არა პოლიცია, ცალკე საკითხია. მაგრამ პანკისის მოვლენებსაც თავისი შედეგები მოჰყვება. პანკისის შემთხვევა განსაკუთრებული იყო და არანაირი ტოლობის ნიშნის დასმა ამ ორ მოვლენას შორის არ შეიძლება“,– განაცხადა გახარიამ „პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს პანკისში ჰესის მშენებლობას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველებიც. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ვითარება დაძაბა იმან, რომ თავად ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მოლოდინში იყვნენ, ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა კი ხეობაში პოლიციის თანხლებით შევიდა და სამუშაოები დაიწყო.