"სიცრუეა, რომ მეგი ბაქრაძე ჩვენ კლინიკაში გარდაცვლილი შემოიყვანეს"
29/03/2021 13:21:02 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, სიცრუეა, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე 18 მარტს, კლინიკაში შეყვანის დროს, 19:45 საათზე, გარდაცვლილი იყო.
"ეს წარმოადგენს სიცრუეს, ჭეშმარიტ სიცრუეს. კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. [....] ქალბატონი მეგი შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ, 19:45 წუთზე ჩვენ კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. გასინჯულ იყო შემოყვანიდან რამდენიმე წუთში ჩემი და ქალბატონი ქეთის მიერ", - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, "სიკვდილი დგება, როცა გული ჩერდება და კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს გულისცემა ჰქონდა და არტერიული წნევა შენარჩუნებული პრეპარატების მეგადოზებით".
"შეუქცევადმა პროცესმა რამოდენიმე საათში გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება", – აცხადებს რატიანი.
მისი თქმით, მეგი ბაქრაძესთვის ჩატარებულ არც ერთ კვლევაში ანემია არ დადასტურა და არც კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
იხილეთ ასევე: ადვოკატის თქმით, კლინიკა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ამასთანავე მეგი ბაქრაძის მეგობრები იყვნენ, ამბობენ, რომ მეგი კლინიკა „იმედში“ „პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო“.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა ბიურომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ კვლევები ჯერ არ დასრულებულა და დასკვნა მზად არ არის.
27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.


