საქსტატი – საქართველოში 307 000 ადამიანს სალომბარდე სესხი აქვს
29/03/2021 08:00:26 საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, საქართველოში 307 000 ადამიანს სალომბარდე სესხი აქვს.
ლომბარდების მიერ გაცემული სესხების საერთო რაოდენობა 322 800 ლარია. ლომბარდების საბალანსო მოგებამ 2020 წელს 18.4 მილიონი ლარი შეადგინა.
„საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში – 27.9 პროცენტს, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 24.3 პროცენტს შეადგენდა. საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილი თბილისზე (66.3 პროცენტი) მოდის, აჭარა (22.6 პროცენტი), იმერეთი (4.6 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (4.2 პროცენტი) და ქვემო ქართლი (1.1 პროცენტი). ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 193 ლომბარდია რეგისტრირებული. აქედან 46.1 პროცენტი თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი – აჭარაში, ხოლო 13.0 პროცენტი დანარჩენ რეგიონებში“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.


