ქალთა საპატიმროში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა
26/03/2021 13:57:11 საზოგადოება
N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია.
"ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი.
რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


