Accentnews.ge
შპანი და ვიელერი: "აშკარა ნიშნებია, რომ პანდემიის მესამე ტალღა შესაძლოა, წინა ორზე უარესი იყოს. გერმანიის კლინიკები სავარაუდოდ, უკვე აპრილში გადაიტვირთება"

შპანი და ვიელერი: "აშკარა ნიშნებია, რომ პანდემიის მესამე ტალღა შესაძლოა, წინა ორზე უარესი იყოს. გერმანიის კლინიკები სავარაუდოდ, უკვე აპრილში გადაიტვირთება"

26/03/2021 12:45:39 მსოფლიო

გერმანიის ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პანდემიის მესამე ტალღა სავარაუდოდ, წინა ორზე უარესი იქნება. მათივე პროგნოზით, თუ ქვეყანაში ინფიცირების ზრდის სადღესიოდ არსებული ტემპი გაგრძელდა, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთვის რისკის წინაშე სავარაუდოდ, უკვე აპრილში აღმოჩნდება.

"იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პანდემიის მესამე ტალღა შესაძლოა, წინა ორზე უარესი იყოს", – განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორმა ლოთარ ვიელერმა.

მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, განსაკუთრებით კი სოციალური კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდა.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი კი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა უახლოეს რამდენიმე კვირაში გადაიტვირთოს.

"ბოლო პერიოდში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ვითარებას საშიშს ხდის Covid-19–ის​ მუტირებული სახეობები, განსაკუთრებით ბრიტანული შტამი, რომელიც უფრო მეტად გავრცელებადია, ვიდრე Covid-19. თუ ინფიცირების ეს ტემპი გაგრძელდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა გადაიტვირთოს უკვე აპრილში", – განაცხადა შპანმა.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით ინფიცირების 21 573 შემთხვევა გამოვლინდა. ეს მაჩვენებელი წინა კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას დაახლოებით, 4000–ით აჭარბებს.

ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 4%.

გერმანიაში მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები, რომელთა უფრო მეტად გამკაცრებას გეგმავდა კანცლერი ანგელა მერკელი სააღდგომო პერიოდში. კერძოდ, 23 მარტს კანცლერი და გერმანიის 16 რაიონის ლიდერები შეთანხმდნენ, მოსახლობისთვის მოეწოდებინათ, აღდგომის დღესასწაულისთვის 5 დღით შინ დარჩენილიყვნენ. ამისთვის 1 და 3 აპრილს, დამატებით დასვენების დღეებად გამოაცხადებდნენ. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ყველა მაღაზია, მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობის მნიშვნელობის მქონე ობიექტები, დახურული იქნებოდა. ამ გეგმას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით - ბიზნესსექტორისგან. მეორე დღეს კანცლერმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა და მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S