ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგებმა მალე შესაძლოა, მესამე ფაზის დასაწყისი გამოაცხადონ
26/03/2021 11:15:31 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეპიდემიოლოგებმა მალე შესაძლოა, მესამე ფაზის დასაწყისი გამოაცხადონ.
"საქართველოში ერთადერთი აქტიური შეზღუდვა, რაც არის დარჩენილი - ეს არის "კომენდანტის საათი". სხვა, თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია. რაც შეეხება, რომელ ფაზაში ვართ, დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი", - განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვა“.
ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.
25 მარტს საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს. "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.
ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს შეუძლიათ. მათ ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 446 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 585 პირი გამოჯანმრთელდა, 3 738 პაციენტი გარდაიცვალა.


