ბენდელიანი – მეწყერსა და ევაკუაციაზე: "თუ საფრთხე იარსებებს, მივიღებთ პრევენციულ ზომებს"
26/03/2021 11:09:13 საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის მიმდებარედ მეწყრული პროცესების განვითარების მიუხედავად მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.
მისი თქმით, მერია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს პრევენციული ზომები, თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.
„რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონას, სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ. ასევე, მომავალ კვირის ბოლოს, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მეწყრული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები. რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ საფრთხე შეიქმნება, დაუყონებლივ იქნება მიღებული პრევენციული ზომები. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბენდელიანმა.


