ერთ დღეში "ფაიზერით" აცრის სურვილი საქართველოს 6 000-მა მოქალაქემ გამოთქვა
26/03/2021 10:02:01 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვებ–გვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის, ერთ დღეში "ფაიზერით" აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა. "ფაიზერით" ვაქცინაციაზე რეგისტრაცია გუშინ 18 საათზე გაიხსნა.
ბოლო 24 საათში საქართველოში 129 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ქვეყანაში ჯამში, 4 281 ადამიანია აცრილი.
ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.
25 მარტს საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს. "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.
ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს შეუძლიათ. მათ ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ.


