თბილისის მერიის განცხადებით, ქალაქში კიდევ ერთი მეწყრული ზონა გამოვლინდა
25/03/2021 15:52:43 საზოგადოება
თბილისის მერიის განცხადებით, ქალაქში კიდევ ერთი მეწყრული ზონა გამოვლინდა, ამჯერად- ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე.
„თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება“, – აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის: თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. მეწყრის შესასწავლად საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა მეწყრის ინიცირების ეტაპი და აუცილებელია ზომების მიღება. მეწყერს სახელმწიფოს გარდა სწავლობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მეწყერი ყოველდღიურად დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს, ნალექიანი ამინდი კი არსებული ვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია.


