"ვისაც "ფილერი" აქვს, არ შეეშინდეთ და თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან"
25/03/2021 13:40:55 საზოგადოება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ კოსმეტიკური "ფილერი" არ შეიძლება, იყოს ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენება.
"ფილერებთან" დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ პასუხი იმუნიტეტის ჯვარედინი, გრიპის ვაქცინაციის დროს, წლების წინ არის აღმოჩენილი. ეს არ არის ახალი მოვლენა, თუმცა ასევე "ფაიზერთან" მიმართებით, აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეს შეამჩნიეს. დღეს არსებობს რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება. თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაც კი არის მოწოდებული პრედნიზოლონის ტიპის პრეპარატებით, სულ რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ის უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც "ფილერი" აქვს, არ შეეშინდეთ, ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან", - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ფაიზერის" ვაქცინის კითხვარს დაემატა ერთი კითხვა, რაც კოსმეტიკური "ფილერის" გამოყენებას ეხება. მისი თქმით, იმ პირებში, ვინც ამ საშუალებას ხშირად იყენებს, შესაძლოა, "ფაიზერის" ვაქცინამ ადგილობრივი გართულება გამოიწვიოს.
ცნობისთვის: "ფილერი" ესთეტიკურ მედიცინაში გამოყენებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას და გამოიყენება ნაოჭების გასასწორებლად.


