Accentnews.ge
ლარი ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს: „ეკონომიკის გადარჩენის გზა ვაქცინაციაა!“

ლარი ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს: „ეკონომიკის გადარჩენის გზა ვაქცინაციაა!“

25/03/2021 11:13:40 ეკონომიკა

მიუხედავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წელს 160 მილიონი დოლარის ინტერვენციის განხორციელებისა, მათ შორის – უკანასკნელ დღეებში 40 მილიონი დოლარის, ლარი წლის ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს – 25 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 3,37 ლარია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არსებული ეკონომიკური პირობების შენარჩუნების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტა დამატებით–10%–ით გაუფასურდება. ლარის დრამატული გაუფასურების პირობებში კი იმპორტიორები იმპორტირებულ პროდუქტზე, უპირველესად, სურსათზე ფასების დაახლოებით, 10%–იან ზრდას უკვე მომდევნო თვიდან პროგნოზირებენ. გაზრდილი ფასი განაპირობებს კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირებას, რაც დამსაქმებლებს სამუშაო ადგილების გადახედვისკენაც უბიძგებს.

„ვითარებაში, როდესაც ერთთვიან პერიოდშიც კი შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, ადგილობრივი ინვესტორიც იკავებს თავს ინვესტიციის განხორციელებისგან“,– აღნიშნავენ იმპორტიორები და დასძენენ, რომ ახალი პრემიერ–მინისტრის პირობებში მათ მთავრობასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში ეკონომიკის გადარჩენის გზა ვაქცინაციასა და ქვეყნის დროულად გახსნაზე გადის.

„ჯამში, ლარის კურსის მდგომარეობა არის შედეგი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა: გასულ წელს ეკონომიკის 6,1%–იანი ვარდნა გვქონდა, მიმდინარე წლის იანვარში – 11,5%–იანი; განახევრებულია ინვესტიციები (შარშან უცხოეთიდან მხოლოდ გზავნილების მოცულობა გაიზარდა); ექსპორტ–იმპორტი შემცირებულია – ბუნებრივია ყველა ეს ფაქტორი ლარის კურსზე აისახება. ეროვნულმა ბანკმა ახლახანს გამოაქვეყნა რამდენიმე საპროგნოზო სცენარი, მათ შორის, პესიმისტური სცენარით, შესაძლებელია, ლარი მიმდინარე წლის განმავლობაში 10%–ითაც კი გაუფასურდეს თუ დროულად არ ჩავატარებთ ვაქცინაციას, თუ დროულად არ გაიხსნება ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურებისთვის და ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებლის 20–30%–ს მაინც არ გამოიმუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაჭირდება ლარის კურსის დასტაბილურება და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. დღეს საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის გზა პირდაპირ გადის ვაქცინაციაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ამ მიმართულებას სათანადო ყურადღება დაუთმოს“,– ამბობს „აქცენტთან“ კეპულაძე.

კეპულაძის ანალიზით, ეკონომიკურ განწყობებზე, ბიზნესის მოლოდინებზე გავლენას, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ანონსებიც ახდენს „მესამე ტალღისა“ და მოსალოდნელი შეზღუდვების თაობაზე:

„ბუნებრივია, მსგავსი ტიპის განცხადებები უარყოფით მოლოდინებს, გაურკვევლობას აჩენს ბიზნესში, ერიდებიან დამატებით ინვესტირებას, თანხის ხარჯვას, ცდილობენ, დარჩენილი რესურსის აკუმულირება უფრო მყარ ვალუტაში მოახდინონ, ვიდრე ლარია. ამიტომ, ხელისუფლების გზავნილები უნდა იყოს, რომ დროულად დავიწყოთ ვაქცინაცია – სათანადოდ დაანახონ საზოგადოებას, რომ საფრთხე არა ვაქცინა, ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნაა. მთავრობის ამოცანაა, უზრუნველყოს ქვეყანა ავტორიზებული ვაქცინის სათანადო დოზებით და ხელი შეუწყოს იმუნიზაციის პროცესს – აწარმოოს აქტიური კამპანია. ეკონომიკა და ჯანდაცვის საკითხები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული“.

კეპულაძეს არასწორად მიაჩნია ხელისუფლების მცდელობა ერთგვარი გამოსავლის ძიებისა, საქართველოს ადარებს რა ქვეყნებს, რომელთა სტატისტიკაც მას კონკრეტულ მომენტში პოლიტიკურად აძლევს ხელს:

„ჩვენ ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ ერთ სულზე მშპ–ს განაწილებით – ერთ სულზე შემოსავლის ოდენობა ჩვენზე ნაკლები მხოლოდ მოლდოვაშია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია – ვართ ღარიბი სახელმწიფო, ამიტომ ჩვენ სწორება უნდა გვქონდეს არა ჩვენზე განუვითარებელი ან ჩვენნაირად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებზე, არამედ აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნებზე, რომლებმაც ჩაკეტილი წრის გარღვევა მოახერხეს და დღეს წარმატებულნი არიან“.

და ბოლოს, ამერიკული კვლევის მიხედვით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სიმპტომური დაავადების პრევენციის 76%–იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან დაცვის 100%–იანი მაჩვენებელი. ამასთან, ვაქცინამ 65 წლის ზემოთ ასაკში 85%–იანი ეფექტურობა აჩვენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S