"დღეს დილის მონაცემებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია 406–მა ადამიანმა გაიარა, მათ შორის, 35 მედიკოსია, 371 – 65 წელს ზემოთ მოქალაქე"
25/03/2021 09:30:46 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია 406–მა ადამიანმა გაიარა, მათ შორის, 35 მედიკოსია, 371 – 65 წელს ზემოთ მოქალაქე.
„დღეს 65 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციისთვის ფანჯარა გაიხსნა. ნახევარი საათი ვაკვირდებოდით და იყო დიდი აქტივობა. პირველ ნახევარ საათში 110- მდე შესვლა და დაჯავშნა დაფიქსირდა, მაგრამ შემდგომ მოიკლო. ახლა 406 ადამიანი იყო ახალი, აქედან 65 წელს ზემოთ 371. მინდა მივმართო მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხანდაზმულებს, რომ მხოლოდ პორტალით ნუ შემოიფარგლებიან, მათ ახალგაზრდა ოჯახის წევრებს მინდა ვთხოვო მიეხმარონ დარეგისტრირებაში. გარდა ამისა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ იმ 24 კლინიკაში მივიდნენ, სადაც არის ვირტუალური კაბინეტები და ადგილზე მიეხმარებიან მათ, ვისაც წინასწარ დაჯავშნა არ შეუძლიათ. იქ დააჯავშნინებენ შესაბამისად და ცოცხალი რიგიც იქნება. ამ კატეგორიის ადამიანებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან ისინი წარმოადგენენ რისკ ჯგუფს. პირველ რიგში, ეს ადამიანები უნდა აიცრან. დღეს 18:00 საათიდან კი მათ ექნებათ არჩევის საშუალება „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, აცრილია მედიცინის 4 152 მუშაკი.


