საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა
25/03/2021 08:14:33 საზოგადოება
საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს, მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰოლოკოსტის დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ. ვფიქრობ, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობის და ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი. როგორც აქამდე აღვნიშნავდით, მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა უკვე ოფიციალურად არის გამოცხადებული როგორც ხსოვნის დღე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა.
სიტყვით “ჰოლოკოსტი” 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, ჰომოსექუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი აღინიშნება. ჰოლოკოსტის შედეგად მიღებული ადამიანური მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 000 000 ებრაელი შეეწირა.


