"არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება"
25/03/2021 07:45:42 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებას არ აქვს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების ათვისება შესაძლოა, ვერ მოხდეს.
"ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს თავისი კალენდარი გააჩნია, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა. პირადად ჩემი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა. ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ასევე ადგილზე გავეცნობი იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა იმ მიზან-შედეგობრივ კავშირზე, რაც ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის არის საჭირო. ხვალ იგეგმება ჩემი ვიზიტი გურიასა და აჭარაში, ასევე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონის მიმართულებით. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.


