Accentnews.ge
ლავროვის უწყება: ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბარი არ შედგება

ლავროვის უწყება: ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბარი არ შედგება

25/03/2021 06:54:56 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი არ შედგება,– იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ირწმუნება, რომ შეთავაზებაზე უარი შეერთებულმა შტატებმა განაცხადა.

„აშშ-მ ხელიდან გაუშვა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოსავალი მოეძებნა იმ ჩიხიდან, რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ვაშინგტონის გამო შეიქმნა. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს დისკუსიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გაგრძელება გასულ კვირას შესთავაზა. პუტინის თქმით, იგი მზადაა, ბაიდენს 19 ან 22 მარტს ესაუბროს.

მანამდე ABC News-თან ინტერვიუში ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, თვლის თუ არა პუტინს მკვლელად. საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ტერიტორიის კოლონიზაციისას "ადგილობრივთა გენოციდი განხორციელდა". მან ასევე ახსენა აშშ-ის ატომური დარტყმა იაპონიაზე მეორე მსოფლიო ომის დასასრულს.

პუტინის შეთავაზების შემდეგ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ აცნობა ჟურნალისტებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეხვედრის ალბათობას ჯერ ვერ შეაფასებს, რადგან პრეზიდენტი დაკავებული იქნება - ბაიდენი ვიზიტად ჯორჯიაში მიემგზავრება.

მისივე თქმით, ბაიდენი ABC News-ს ეთერში ნათქვამს არ ნანობს. «პრეზიდენტმა პირდაპირ კითხვას პირდაპირი პასუხი გასცა», — განაცხადა პრეს-მდივანმა და დასძინა, რომ აშშ, უთანხმოებების მიუხედავად, რუსეთთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას შეძლებს.

ბაიდენის განცხადების შემდეგ მოსკოვმა ვაშინგტონიდან რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია. რუსეთში აშშ-ის დიპმისიის ხელმძღვანელი ჯონ სალივანი მოსკოვში მუშაობას აგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S