Pfizer-მა COVID-19-ის წამლის კლინიკური გამოცდა დაიწყო
24/03/2021 11:51:06 მსოფლიო
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა Covid-19-ის წამლის კლინიკური გამოცდა დაიწყო.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გამოცდის პირველი ფაზა სახელწოდებით PF-07321332 აშშ–ში მიმდინარეობს. წამალი გამიზნულია ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე, პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე სამკურნალოდ. მედიკამენტი აბის ტიპისაა. მედიკამენტი უკავშირდება ვირუსის ცილას, პროტეაზას, რაც ვირუსის გამრავლებას, აჩერებს.
"COVID-19–ის პანდემიის დაძლევა მოითხოვს როგორც ვაქცინის საშუალებით პრევენციას, ასევე მიზანმიმართულ მკურნალობას. იმის გათვალისწინებით, როგორ აგრძელებს SARS-CoV-2 მუტაციას და როგორი გლობალური გავლენა აქვს Covid-19-ს, ნათელია, რომ კრიტიკული მნიშვნელობა ექნება სამკურნალო საშუალებების ქონას ახლაც და პანდემიის შემდეგაც", – აცხადებს Pfizer-ის მთავარი მეცნიერმუშაკი მიკაელ დოლსტენი.
Pfizer–ის განცხადებით, პრეკლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ Covid-19-ის წამალმა ვირუსის საწინააღმდეგო "ძლიერი აქტივობა" გამოავლინა
მეცნიერების თქმით, თუ კლინიკური კვლევები წარმატებული იქნება, წამლის დანიშვნა შესაძლებელი გახდება ორგანიზმში ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად. მათივე განცხადებით, მისი მიღება სახლის პირობებში შესაძლებელი იქნება.
Pfizer –ის ცნობით, წამალზე უფრო მეტ დეტალებს 6 აპრილისთვის დაგეგმილ Spring American Chemical Society–ს სხდომაზე გაახმოვანებენ.


