Accentnews.ge
„სამწუხაროდ, მსგავს დამოკიდებულებას უფრო მეტად, რასობრივი საფუძველი აქვს“ – რა ხდება საქართველოს საზღვრებზე

„სამწუხაროდ, მსგავს დამოკიდებულებას უფრო მეტად, რასობრივი საფუძველი აქვს“ – რა ხდება საქართველოს საზღვრებზე

24/03/2021 11:16:23 ეკონომიკა, საზოგადოება

თუ მანამდე ტუროპერატორები (და არა მხოლოდ) ხშირად ჩიოდნენ, რომ ქვეყანაში მოწვეულ სტუმრებს, მათ შორის, პოტენციურ ინვესტორებს, ტურისტებს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლებას ყოველგვარი განმარტების გარეშე არ აძლევდნენ, 23 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარებულმა მოვლენებმა სურათი კიდევ უფრო დრამატული გახადა: ტუროპერატორის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოს მთავარი ფიგურანტი ქართველი მესაზღვრეა, რომელიც ქვეყანაში დისტანციურად სამუშაოდ ჩამოსულ ვიზიტორს საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევს და მეტიც, მას შეურაცხყოფას აყენებს. ვიდეოს მიხედვით, ვიზიტორი ქალი მესაზღვრეს უხსნის, რომ თან აქვს ყველა დოკუმენტი, კოვიდ–ტესტის პასუხი, თანხა და ქვეყანაში შემოსვლის უფლება, მესაზღვრე კი მას აგრესიულად ესაუბრება.

"წადი, დაბრუნდი თურქეთში, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა“, "შენ არავინ ხარ!“, „გაეთრიე“- ეუბნება მესაზღვრე ქალს და ამატებს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა და "ვერც ვერასდროს შემოვა".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. უშუალოდ მოქალაქესთან დაკავშირებით კი შსს ამბობს, რომ მას საქართველოში შემოსვლაზე უარი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა, რაც გულისხმობს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში".

სკანდალური ვიდეო „სტუმარ–მასპინძლობის“ სფეროში დასაქმებული პირებისთვის სიახლე არ ამოჩნდა. როგორც ისინი ანიშნავენ, მსგავს ფაქტებს წლებია, აწყდებიან, რაც ტურიზმზე დამოკიდებული, ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის იმიჯს აზიანებს, ხელს უშლის სექტორის განვითარებას და შესაბამისი უწყებებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

„გვქონდა მსგავსი ფაქტები შარშან და პანდემიამდეც. ხშირად გვქონია შემთხვევები, როდესაც ველოდებოდით ბიზნესმენებს – პოტენციურ ინვესტორებს, რომლებთანაც დაახლოებით, მსგავსი მოპყრობა იყო. ხშირ შემთხვევებში, მათ [ვიზიტორებს – რედ.] აქვთ ოფიციალური მოწვევა, გადიან კონსულტაციებს საელჩოში“,– ამბობს „საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი იგორ აფციაური.

Check-in travel-ის დამფუძნებელი ია გედევანიშვილი პრობლემის კონტექსტში რამდენიმე ფაქტს იხსენებს:

„პოლიციელების გულგრილობა ამ ბოლო ხანს განსაკუთრებული მძიმე თემა გახდა. მესმის, მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ მსგავსი მიდგომით ჩვენ შორს ვერ წავალთ. აღნიშნული პრობლემა ახალი არ არის: გასულ წლებში მსგავსი შემთხვევები სულ გვქონდა. მაგალითად, იყო ძალიან ცუდი ფაქტი, როდესაც ბლოგერი გახლდათ ჩამოსული და მას საზღვარზე ისე დახვდნენ, რომ გაიცა და ძალიან ცუდი რამ დაწერა. ჩამოსული იყო ბანკის მმართველი ასისტენტთან ერთად. ასისტენტი შემოუშვეს, ბანკის მმართველი – არა, არც მიზეზი უთქვამთ“.

ამასთან, როგორც სექტორის წარმომადგენლების მონათხრობიდან ირკვევა, მესაზღვრეები განსაკუთრებული აგრესიულობით ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან მომავალ ვიზიტორებთან მიმართებაში გამოირჩევიან.

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს დამოკიდებულებას უფრო მეტად რასობრივი საფუძველი უდევს. რა საფუძველიც არ უნდა ჰქონოდათ მესაზღვრეებს კონკრეტული ადამიანის უკან გაბრუნების, არსებობს ცივილური ფორმა, განმარტება და არა იმ ლექსიკით, შეურაცხყოფით და ბულინგით, რაც ჩვენ ვნახეთ. მსგავსი ქმედებები ნამდვილად დამაზიანებელია იმიჯისთვის“,– ამბობს ტუროპერატორი ალექსანდრე გიორგაძე.

ამ კონტექსტში ერთ–ერთი გახმაურებული ფაქტია ინდოელი ბიზნესმენის აკბარ ქუშერის თავგადასავალი: როგორც ბიზნესმენი განმარტავდა, ხშირად სტუმრობდა საქართველოს, საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული 10-ზე მეტი ობიექტში, ასევე ფლობდა სოლიდურ ანგარიშს TBC ბანკის ბალანსზე, ხელმძღვანელობდა მასშტაბურ პროექტს საქართველოში, მაგრამ საქართველოს საზღვარზე ერთ–ერთი ვიზიტის დროს „შოკი“ განაცდევინეს.

„ყველაზე ცუდი, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია. მესაზღვრეს ვაჩვენე ყველა საბუთი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული. ეს საბუთები მიუთითებს იმაზე, რომ სუფთა ვარ და არასდროს არაფერი დამირღვევია. დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, მესაზღვრე მეორეს დაელაპარაკა. 5 წუთი ველოდებოდი. ამასობაში დავურეკე ჩემს ადვოკატებს, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. მეორედ ვკითხე, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი. მითხრეს, „მომეცადა“. შემდეგ გამომართვეს პასპორტი და მანიშნეს გავყოლოდი. ვიფიქრე, კიდევ უნდა დავეკითხე, „მქონდა თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი“. ეს შეკითხვები მანამდეც დამისვეს. შემდეგ შემიყვანეს ბარგის შესამოწმებელ ოთახში. მომცეს ჩემი ბარგი და მე ისევ ვკითხე, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი. ავედით მეორე სართულზე და აღმოვჩნდი გამგზავრების გეითთან",- ყვებოდა ბიზნესმენი.

საქართველოში მიღებული მძიმე გამოცდილების შესახებ იუწყებოდა ინდოეთის კიდევ ერთი მოქალაქე ქუშბუ კაუშალი. ის მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებდა. კერძოდ, ინდოეთში საქართველოს ელჩისადმი მიწერილ წერილში ქუშბუ კაუშალი წერდა, რომ საქართველოში მარტო მოგზაურობა შვებულების დროს ამ ქვეყნის კარგი რეიტინგის გამო გადაწყვიტა, ფლობდა ყველა საჭირო დოკუმენტს: ვიზას, დამსაქმებლის წერილს (რომელშიც ეწერა, შვებულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა), საბანკო ამონაწერს, სასტუმროს ჯავშანს, ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევას.

„ჩემდა გასაკვირად, პასპორტის კონტროლის გალისას მითხრეს, რომ გადამენაცვლა ფანჯარასთან, რომელსაც არაფერი ეწერა, რათა ჩემი დოკუმენტები შეემოწმებინათ. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ ერთერთმა ოფიცერმა გამომკითხა ვიზიტის მიზანი, დაათვალიერა ყველა ჩემი დოკუმენტი და იხუმრა კიდეც. რადგან აქამდე ყველაფერი სასიამოვნოდ მიდიოდა, ველოდი, რომ მალე შემიშვებდნენ. მაგრამ ეს არ მოხდა. თქვენმა ოფიცრებმა მითხრეს, რომ დავლოდებოდი, ჯამში 2 საათი ველოდე რკინის ცივ მოუხერხებელ სკამზე. თბილისში ჩამოსვლიდან სამი საათის შემდეგ მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ. მიზეზი რომ ვიკითხე მიყვირეს და მითხრეს, რომ კუთხეში დავმჯდარიყავი.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დამამცირებელი ღამის დასაწყისი იყო!“, - წერდა ქუშბუ კაუშალი.

მისი თქმით, ამის შემდეგ ყველა კითხვის პასუხად მას უყვიროდნენ და უხეშად მიუთითებდნენ, რომ დამჯდარიყო და თხოვნის მიუხედავად, წყალს არ ასმევდნენ:

„ღამის 12:00 საათზე, საქართველოში ჩამოსვლიდან 7 საათის შემდეგ, ნება მომცეს, რომ საჭმელი და წყალი მეყიდა და მითხრეს, რომ ოთახში დავმჯდარიყავი. ორნახევარი საათის შემდეგ ერთ–ერთი ოფიცერი შემოვიდა ოთახში და მიყვირა, რომ „ახლა უნდა წავსულიყავი, რადგან უკანა გზაზე ფრენა იწყებოდა“. როდესაც საკუთარი პასპორტი მოვითხოვე, მითხრეს, რომ მას არ გადმომცემდნენ, სანამ მუმბაიში არ ჩავიდოდი. თქვენს ქვეყანაში გატარებული 9 საათი ჩემი ცხოვრებაში ყველაზე საშიში და ცუდი იყო“.

ინდოეთში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა ქალი შეეცადა გარკვევას, რა გახდა მისი „თავგადასავლის“ საფუძველი და უთხრეს, რომ თითქოსდა ცრუ ინფორმაციის წარდგენისთვის და დაზიანებული პასპორტის გამო გამოაბრუნეს, რაც, მისივე მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა:

„შემდგომმა ძიებამ კიდევ უფრო ღრმა პრობლემა გამოავლინა. შევიტყვე, რომ საქართველოდან ინდოელი მოგზაურების თითქმის 90%-ს უკან აბრუნებენ - ოჯახებს, წყვილებს თუ მარტოებს.

მინდოდა, გამეგო, რა შეიძლება იყოს ინდოელების მიმართ ასეთი უეცარი ზიზღის მიზეზი, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015 წელს ინდოეთიდან საქართველოში ტურიზმი 80%-ით გაიზარდა, რაც ასევე მნიშვნელოვან შემოსავალს ნიშნავს თქვენი ქვეყნისთვის.

იცით რა აღმოვაჩინე? საქართველოს მთავრობამ დაპატიჟა ინდოელი ფერმერები იმ მიწების მოსავლელად, რომელსაც ქართველები ვერ ამუშავებდნენ. ამ უეცარმა ნაკადმა გაზარდა ინდოელების მიმართ სიძულვილი, რაც, როგორც ვხვდები, აისახა თქვენი ოფიცრების რასიზმზე.

თქვენი ქვეყანა კოლოსალური იმედგაცრუება იყო!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S