
მოსკოვში ადამიანის სხეულების გამოფენას საგამოძიებო კომიტეტი შეამოწმებს
24/03/2021 09:55:09 სამართალი
რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა გასცა ბრძანება, მოსკოვში ადამიანის სხეულებისა და ორგანოების გამოყენებით მოწყობილი გამოფენის - "სხეულის სამყაროს" ინიციატორებისა და ორგანიზატორების მიმართ მოკვლევა ჩატარდეს და ამ ქმედებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
გამოფენა "Body Worlds" 12 მარტს გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია რეალური ადამიანების სხეულები და ორგანოები, რომლებიც დოქტორ გიუნტერ ფონ ჰაგენსის პოლიმერული პლასტინაციის მეთოდითაა დამუშავებული: ორგანიზმის ყველა სითხე გამყარების უნარის მქონე პლასტიკითაა შეცვლილი, რაც სხეულის ნებისმიერ პოზაში გაშეშების შესაძლებლობას იძლევა.
როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, ექსპოზიციისთვის, რომელსაც ისინი საგანმანათლებლო პროექტად წარადენენ, მხოლოდ დონორების სხეულები იქნა გამოყენებული.
"ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია გამოფენის დახურვის მოთხოვნით, რუსულ მედიაში კი გაჩნდა კრიტიკული სტატიები. მათი ავტორების აზრით, ექსპოზიცია ლახავს მორალურ ფასეულობებს, წარმოადგენს დაუფარავ უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ და შეიძლება, შეფასდეს რელიგიურ გრძნობათა შეურაცხყოფადაც. ეს ყველაფერი იქცა გამოძიების დაწყების საფუძვლად", - განმარტავენ საგამოძიებო კომიტეტში.
დეპუტატმა მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთიდან" ნიკოლაი ზემცოვმა გენერალურ პროკურატურასაც მიმართა. მისი აზრით, გამოფენის ორგანიზატორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ გარდაცვლილთა სხეულების მიმართ ვანდალიზმის გამო.
პირველად მსგავსი გამოფენა 1995 წელს ტოკიოში მოეწყო. მას შემდეგ ანალოგიური ექსპოზიციები მსოფლიოს 35 ქვეყანაში იყო წარმოდგენილი და მათ 50 მილიონზე მეტმა ადამიანი დაესწრო.