ანიტა რაჭველიშვილი: "ჩემი ფეხი არ დადგება საქართველოში, სცენაზე, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს!"
23/03/2021 16:36:58 საზოგადოება
"ჩემი ფეხი არ დადგება საქართველოში, სცენაზე, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს!", – ასე ეხმიანება საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმად, იგი შეეცდება, გაარკვიოს მსახიობის განსხვავებული აზრი საიდან მოდის.
"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე, საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინააარმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე...", - წერს რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შეეცდება, გაარკვიოს მსახიობის განსხვავებული აზრი საიდან მოდის.
"თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, ან რეჟისორი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ მე უფრო შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი, თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა POSTV-ს ეთერში.
მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას ხელს არ უშლის, დასაქმებულების განსხვავებულ მოსაზრებებში იგი პრობლემას ვერ ხედავს:
“თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ გვინახავს ფენომენები, რომლებსაც რომ არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი...”.


