სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს ველოსიპედების ქურდობასა და გაყიდვას ედავებიან
23/03/2021 14:19:00 მსოფლიო
სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი ველოსიპედების ქურდობასა და მათ გაყიდვაშია ეჭვმიტანილი, – იუწყება France Bleu.
მისივე ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, დიპლომატიური იმუნიტეტის გამო გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ იგი რუსეთში გაემგზავრა, მიზეზად კი ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედების ქურდობაში ეჭვმიტანილი ახლა რუსეთში იმყოფება, გამოძიება გრძელდება.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგის ყოფილს ვიცე– მერს ალენ ფონტანელს ძვირადღირებული ელექტრო ველოსიპედი მოპარეს.
ქურდობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფონტანელმა ნახა, რომ მისი ველოსიპედი ერთ-ერთ საიტზე იყიდებოდა. გამყიდველს მის ნივთთან ერთად კიდევ რამდენიმე ველოსიპედის გაყიდვის განცხადება ჰქონდა გამოქვეყნებული. სტრასბურგის ყოფილმა მერმა პოლიციას მიმართა. პოლიცია კი გამყიდველს დაუკავშირდა, როგორც კლიენტი. შეთანხმდნენ შეხვედრაზე რუსეთის საკონსულოს შენობის უკანა კართან. გამყიდველმა პოლიციელს წარუდგინა ფონტანელის ველოსიპედი (რაც დადასტურდა სერიული ნომრით), ასევე წარმოადგინა ნასყიდობის ყალბი ქვითარი რუსეთის საკონსულოს ბეჭდით. გამოძიებამ გაარკვია, რომ 2020 წლის იანვრიდან ამ კაცმა საიტზე Leboncoin 300-მდე განცხადება გამოაქვეყნა და ჯამში 100 000 ევროს ველოსიპედები გაყიდა.
რუსეთის საკონსულო უარს აცხადებს პოლიციისთვის ეჭვმიტანილის შესახებ პირადი ინფორმაციის მიწოდებაზე.


