აშშ გერმანიას ბრიუსელიდანაც აფრთხილებს
23/03/2021 11:29:54 მსოფლიო
აშშ გერმანიას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შესახებ ბრიუსელიდანაც აფრთხილებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრეს–კონფერნციაზე განაცხადა, „ჩრდილოეთ ნაკადი 2" ევროპისა და აშშ–ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული პროექტია.
"მოუთმენლად ველოდები ჩემს გერმანელ კოლეგასთან შეხვედრას აქ, ბრიუსელში. ჩვენ უკვე არაერთი საუბარი გვქონდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მიაჩნია, რომ ამ მილსადენის აშენება ცუდი იდეაა. ცუდია ევროპისთვის, ცუდია შეერთებული შტატებისთვის. საბოლოო ჯამში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2" ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება. ამ პროექტს შეუძლია, უკრაინის, პოლონეთის, სხვა მრავალი ახლო პარტნიორის ან მოკავშირის ინტერესებს ძირი გამოუთხაროს. დარწმუნებული ვარ, მექნება შესაძლებლობა, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო. კანონი მოითხოვს, რომ მილსადენის დასრულების მცდელობებში ჩართული კომპანიები ჩვენს სანქციებს დაექვემდებარონ. საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან გვაქვს ფართო დღის წესრიგი. მოუთმენლად ველოდები ამ საკითხზე საუბარს და ბევრ საერთო გამოწვევასთან გამკლავებას", – განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბრიუსელში გამართულ NATO-ს სამიტზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის მხარდაჭერის გამო აშშ–ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა.
პროექტის "ჩრდილოეთ ნაკადი -2", რომელიც რუსული გაზის გერმანიისკენ ბალტიის ზღვის ფსკერით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, მშენებლობის პროცესი 5 თებერვლიდან განახლდა.
ცნობისთვის: საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელიც სადავოდ ქცეული რუსული გაზსადენის პროექტის უკან დგას, 5 თებერვლიდან განაახლა დანიის წყლებში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანის პროცესი. აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად შეჩერდა.
აშშ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. .აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს „ევროპისათვის ცუდი გარიგება“ უწოდა. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის საჭიროა მილების გაყვანა 150 კილომეტრის მონაკვეთზე, რომელიც დანიისა და გერმანიის წყლებზე გადის.
საერთაშორისო კრიტიკის პასუხად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბერლინი კვლავაც უჭერს მხარს გაზსადენის მშენებლობას, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიებისა და მოსკოვიდან ევროპელი, მათ შორის, გერმანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების მიუხედავად.


