„მეწყერი დინამიკაშია, უნდა განვიხილოთ ყველაზე უარესი სცენარი!“ – ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნა გაყოფილ ფერდზე
23/03/2021 09:27:09 საზოგადოება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პირველადი დასკვნით, ამ დროისთვის ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან, ფერდობზე არსებული ნაპრალის სიღრმე დაახლოებით, 18 მეტრია.
„რაც ხილულია, არ არის მასის რეალური დაძვრის საზღვარი, სიღრმე დაახლოებით, 18 მეტრია“,– განაცხადა გეოლოგმა თეა გოდოლაძემ, რომელმაც დღეს პირველადი შედეგები წარმოადგინა.
მისივე თქმით, მეწყერი დინამიკაშია მოსული და ამ დროისთვის ნელა– 5 სანტიმეტრით დღეში მოძრაობს:
„ეს ცოტა არ არის და აუცილებელია, ამაზე ყურადღების გამახვილება. უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის, განვიხილოთ ყველა სცენარი, რათა პასუხისმგებელნი ვიყოთ მოსახლეობასთან“.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ რეჟიმში გაიზომოს აჩქარება, თუმცა ამ შემთხვევაში რა ტერიტორიას დაემუქრება საფრთხე, ეს მოწყვეტილ მასაზე იქნება დამოკიდებული:
„ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია აჩქარება. ჩვენ მობილიზაციას ვაკეთებთ აჩქარების გასაზომად“.
ის დედაქალაქის მერის მოუწოდებს, მიმდებარე ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამშენებლო სამუშაოები და შეწყდეს გადაადგილება, ვინაიდან ნებისმიერი ვიბრაცია პრობლემაა.
„მოძრავი მასის უცაბედი ჩამოწოლა რომ მოხდეს, აუცილებელია წინა ნაწილი სრულად მოსუფთავებული, თავისუფალი იყოს. ქრესტომათიაა, რომ მეწყერზე არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ უნდა განვითარდეს! ნებისმიერი ვიბრაცია პრობლემაა!“.
დიმიტრი აქუბარდიას შეფასებით, რომელმაც საველე სამუშაოებში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, არსებობს საფრთხე, მეწყერი ჩამოწვეს და ერთ–ერთი ფაქტორი შესაძლოა, წვიმაც გახდეს:
„მეწყრის სხეული არა მხოლოდ გამოფიტული, ძლიერ დაბზარულია, განიცდის მოძრაობას ფერდობის მიმართულებით. ეს პირველადი შედეგია და საჭირო დამატებითი კვლევები. არის საშიშროება, დაიძრას სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე და წვიმა ერთ–ერთი ფაქტორია.“
ინფორმაციისთვის: მეწყრული პროცესის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის 18 მარტს გახდა ცნობილი, თუმცა როგორც რიგი დოკუმენტებიდან ირკვევა, მერია ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომის დასაწყისში იყო ინფორმირებული. მას შემდეგ, რაც ფერდობი ორად გაიყო, მერიამ გერმანიიდან სპეციალისტები მოიწვია. ისინი თბილისს 22 მარტს ესტუმრნენ და ადგილზე მუშაობას შეუდგნენ. ქართველი გეოლოგები იხსენებენ, რომ აღნიშნულ სპეციალისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ ჯერ კიდევ 2015 წელს ვერეს ხეობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ამ ჯერზეც გამოთქვამენ: „მზად ვართ, ყველა მასალა გადავცეთ, რაც დავინახეთ და ამით ბედნიერები არ ვართ. მათ ეს უნდა იცოდნენ. ველით შენიშნვებს, ანალიზს – გახსნილები ვართ“.


