„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვა
23/03/2021 09:16:47 საზოგადოება
UNICEF-ის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზას სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს.
მისი ინფორმაციით, პრეპარატის ტრანსპორტირების ტექნიკური დეტალები და დრო ახლა ზუსტდება, თუმცა დიდი ალბათობით, ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დაეშვება. ვაქცინებს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს.
ვაქცინების პირველი პარტია – "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 200 დოზა – საქართველომ 13 მარტს მიიღო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს UNICEF ეხმარება.


