NDI – რესპონდენტთა 47% აცხადებს, რომ ვაქცინაციაზე ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას ენდობა
23/03/2021 08:30:41 საზოგადოება
აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 47% აცხადებს, რომ ვაქცინაციაზე ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას ენდობა.
კითხვაზე, "რამდენად ენდობით კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციას, რომელსაც რელიგიური ლიდერისგან/ეკლესიისგან იღებთ?", პასუხები ასე გადანაწილდა:
- ვენდობი 47%;
- არ ვენდობი 15%;
- არ ვიღებ ინფორმაციას ამ წყაროებიდან 33%;
- არ ვიცი 5%;
NDI–ს კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში რესპონდენტთა 53% აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებს. 35% ამბობს, რომ აიცრებოდა; 12%-მა არ იცის, გაიკეთებდა თუ არა აცრას.
კითხვაზე, "რატომ არ აიცრებოდი?", გამოკითხული მოსახლეობის - 48% ამბობს, რომ ვაქცინას არ ენდობა, 20% აცხადებს, რომ ვირუსს ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება, 10%-ის თქმით ჯანმრთელობის მიზეზის გამო ვერ აიცრებოდა. 6% კი აცხადებს, რომ არ აიცრება, რადგან ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


