ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი – 27 წლის ექთანზე: "ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა"
23/03/2021 07:43:05 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სუმია სვამინათანმა საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთანზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ანაფილაქსიის შესამცირებლად ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია.
"იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების მინიმალურ დონეზე შემცირება მოხდეს, რეკომენდებულია, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც გჭირდებათ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც განუვითარდებათ მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია", – აცხადებს სვამინათანი.
მისი თქმით, აცრილ ადამიანს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, განსაკუთრებით მათ ვისაც წინა ანაფილაქსიური ისოტირა აქვთ:
"ამ შემთხვევაში მათ სამედიცინო პერსონალისგან ძალიან ყურადღებით სჭირდებათ დაკვირვება. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით და იმის უზრუნველყოფით, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანები დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმის უზრუნველყოფით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები იმათ სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია ექნებათ და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ვაქცინების სარგებელი აჭარბებს მათ რისკს".
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.


