Accentnews.ge
მეარაყიშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, ადრესატი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაა

მეარაყიშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, ადრესატი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაა

23/03/2021 07:38:39 საზოგადოება

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. მისი პროტესტის ადრესატი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაა.

მეარაყიშვილი ამბობს, რომ ყველა გზას მიმართა, მიეღო საჯარო ინფორმაცია, რა სერვისებით სარგებლობა შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეს ახალგორის კლინიკაში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია; ასევე დაინტერესდა ახალგორის კლინიკის ხარჯებით, ვინაიდან, მეარაყიშვილი ამბობს, რომ არსებობს ინფორმაცია კორუფციის თაობაზე, თუმცა მან პასუხის მიღება სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლო. ამდენად, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები მეარაყიშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და ამ გზით ცდილობს, საკუთარი ხმა ცენტრალურ ხელისუფლებას მიაწვდინოს.

„1 წელი და 6 თვეა, თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვს ჩვენი რაიონის მცხოვრებლებს. მე- 3 წელი და 6 თვე. ჩაკეტილი გზის გამო განახევრდა რაიონის ქართულ ნაწილში მცხოვრებთა რაოდენობა. მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოსახლეობის დაცვისთვის არ გადაუდგამს. ეს შეეხება მძიმე ავადმყოფის თბილისში ჰოსპიტალიზაციას, გარდაცვლილების გადასვენებას, დაკრძალვაზე დასწრების ნებართვას, მძიმე ავადმყოფებისთვის წამლის მოწოდებას, გაჭირვებულებისთვის საკვებით ან თანხით უზრუნველყოფას. როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს? ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებდით! ნებისმიერი ცვლილება ადგილობრივების აქტიურობის დამსახურებაა.

ამის პარალელურად,წლებია საქართველოს ხელისუფლებას ჩვენთან "კარმუშკები" აქვთ შექმნილი და ჩვენს ტანჯვაზე პირადი კეთილდღეობა აწყობილი. ერთ- ერთი ასეთი შ.პ.ს. "ახალგორის საავადმყოფოა": ხელმძღვანელობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, მშვიდად, უდარდელად... მხოლოდ თვის ბოლოს უწევთ "შეწუხება", როცა ბიუჯეტის თანხები ხელფასებად უნდა დაირიცხონ, სხვა ხარჯების მითვისება კი- ახალგორში მცხოვრებ დატანჯულ ხალხზე ზრუნვად.

ზუსტად 3 თვეა, ვცდილობდი, ყველა კანონიერი საშუალება გამოვიყენე მიმეღო საჯარო ინფორმაცია, რითი შემიძლია ვისარგებლო მე, ერთმა ადამიანმა ადგილზე ჯანდაცვის მომსახურეობით. ასევე მაინტერესებდა საჯარო ინფორმაცია ხარჯების შესახებ, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ახალგორელებისთვის გამოყოფილ თანხებს ერთმანეთში ინაწილებს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა (ერთი ოჯახის წევრებია) და მათი მფარველები ჯანდაცვის სამინისტროდან. წერილებში, შეტყობინებებში ვუთითებდი ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას, თუმცა პასუხი არავინ მომცა.

გასულ კვირას აღნიშნულ საკითხზე პირადად ვაცნობე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიას. თავიდან მოსაცილებელი- "დავინტერესდებით" , ესეც კი არ მომწერა.

მე ყველა საშუალებას მივმართე, მიმეღო ინფორმაცია და შემდეგ მესარგებლა უფასო სამედიცინო დახმარებით თუ მედიკამენტებით (თუ აქვთ ასეთი დახმარება), თუმცა ეს მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი.

ამიტომ, ხელებს ვერ ჩავიქნევ- ამას ელოდება ხელისუფლება. მომავალი ორშაბათიდან ვიწყებ შიმშილობას მოთხოვნით, შესაბამისმა უწყებებმა გასცენ პასუხი ჩემგან მიღებულ წერილებს და ასევე დაასრულონ კორუფცია შ.პ.ს "ახალგორის საავადმყოფოში“,– ამბობს მეარაყიშვილი და იქვე დასძენს, რომ 24 მარტს მორიგი სასამართლო სხდომა აქვს ცხინვალში, სადაც 3 ბრალდებით ასამართლებენ სამოქალაქო აქტივიზმისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S