დასაქმების სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების შეხვედრა გაიმართა
23/03/2021 06:55:58 საზოგადოება
გასულ კვირას სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მიზანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარება და ხელშეწყობა იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი იურატე იოდსნუკაიტე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, პარტნიორი ორგანიზაციის ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების: საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს; დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის, სოფლის განვითარების და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო საააგენტოს საქმიანობა, პროგრამები და ის სერვისები, რასაც დღეისათვის ახორციელებს. სააგენტომ მოწვეულ სტუმრებს ვრცელი პრეზენტაცია გაუკეთა, სააგენტოს მანდატის, მისიისა და ხედვის. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე და საჭიროებებზე რის წინაშეც სააგენტო დგას, თუ რა არის საჭირო უწყების ინსტიტუციონალური განვითარებისთვის, როგორი უნდა იყოს სტრუქტურა, საკადრო რესურსი და რეგიონალური ოფისების დაფარვა ქვეყნის მასშტაბით.
განიხილეს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების ამჟამინდელი მდგომარეობა, მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. ევროკავშირის პროექტის ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს შრომის ბაზრის რეგიონალური სტატისტიკისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა ხარვეზები, ასევე დასაქმების სერვისების აუთსორსინგის დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეხვედრის ბოლოს კი სააგენტოს ხელმძღვანელმა დამსწრეებს 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრის დასასრულს, განისაზღვრა მომავალი სამუშაო შეხვედრების განსახილველი თემებიც.


