Covid–19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი მეცნიერები: "სულ რამდენიმე წელიწადში კიბოს საწინააღმდეგო ჩვენი ვაქცინებიც გვექნება"
23/03/2021 06:20:28 საზოგადოება
BioNTech–ის დამფუძნებლები, პროფესიით ონკოლოგი ცოლ–ქმარი უგურ შაჰინი და ოზლემ ტურეჩი, რომლებმაც Covid–19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, ამჟამად კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს აანონსებენ.
როგორც NBC New York იუწყება, ოზლემ ტურეჩი სხეულის იმუნური სისტემისთვის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სწავლებაზე მუშაობდა, როდესაც ჩინეთში Covid–19–ის ვირუსის შესახებ შეიტყო. მოგვიანებით, ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, რომ ახალი საფრთხისკენ მიემართათ ის ტექნოლოგია, რომელზეც ისინი უკვე ოცი წელია მუშაობდნენ. 11 თვის შემდეგ, ბრიტანეთმა გამოყენებისთვის დაამტკიცა კომპანია BioNTech-ის მიერ ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან ერთად შექმნილი ვაქცინა, რომელიც RNA ტექნოლოგიას ეფუძნება. ერთ კვირაში იგივე გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მაც. 2020 წლის დეკემბრის შემდეგ კი ამ ვაქცინით მსოფლიოში უკვე ათეულობით მილიონი ადამიანი აიცრა.
NBC New York–ის ცნობით, პანდემიის პირობებში BioNTech-ის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, კომპანიას უკვე აქვს სახსრები, რომ ახალი შემართებით დაუბრუნდეს თავდაპირველ მიზანს — კიბოს საწინააღმდეგო ახალი საშუალების შექმნას.
გამოცემის ინფორმაციით, Pfizer-BioNTech–ისა და Moderna–ს მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები RNA ტექნოლოგიას ეფუძნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგივე ტექნოლოგიით შექმნილმა RNA ვაქცინებმა არამარტო Covid–19, არამედ შესაძლოა, სხვა დაავადებებიც, მათ შორის სიმსივნე დაამარცხონ.
„არსებობს RNA-ს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე სხვადასხვა ექსპერიმენტული ვაქცინა“, –აცხადებს ოზლემ ტურეჩი.
კითხვაზე, როდის შეიძლება გახდეს ასეთი თერაპია ხელმისაწვდომი, ტურეჩი აღნიშნავს, რომ ინოვაციაზე მუშაობის დროს რაიმეს პროგნოზირება რთულია.
„თუმცა, ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ჩვენი ვაქცინებიც, თანაც უკვე მოსახმარებლად მზად“, – დასძინა მეცნიერმა.
ამჟამად, მეცნიერი ცოლ–ქმარი აქტიურად მუშაობს, რათა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი კორონავირუსის ვაქცინა დანიშნულების ადგილას დროულად ჩავიდეს და პრეპარატი ეფექტიანი იყოს ვირუსის ნებისმიერი ახალი მუტაციის წინააღმდეგ.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ცოლ-ქმარი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი – ღირსების ორდენით დააჯილდოვა; ცერემონიას კანცლერი ანგელა მერკელიც ესწრებოდა.
„ერთ ინდივიდში კიბოს მკურნალობით დაიწყეთ და დღეს, თქვენი წყალობით გვაქვს ვაქცინა მთელი კაცობრიობისთვის“, – მიმართა მეცნიერებს პრეზიდენმა შტაინმაიერმა. ცოლ–ქმარმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნა სამეცნიერო გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგია.



