ჯანდაცვის მინისტრი - გარდაცვლილ ექთანზე: "რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი"
22/03/2021 10:57:56 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთანი ვაქცინაციის მომენტისთვის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უზრუნველყოფილი იყო ის საჭირო დახმარება, რომელიც პაციენტს იმ მომენტისთვის ესაჭიროებოდა.
„იქ ადგილზე არსებული რეანომობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მოხდა თბილისიდან დამატებითი რეანომობილის გაგზავნა ადგილზე. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა. როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დააკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება", - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.


