Accentnews.ge
ამერიკელმა მეცნიერებმა "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევა დაასრულეს: "ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, იგი ყველა ასაკის ზრდასრულ ადამიანს იცავს ვირუსისგან"

ამერიკელმა მეცნიერებმა "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევა დაასრულეს: "ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, იგი ყველა ასაკის ზრდასრულ ადამიანს იცავს ვირუსისგან"

22/03/2021 07:42:48 მსოფლიო, საზოგადოება

ამერიკელმა მეცნიერებმა "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევის საბოლოო შედეგები განასაჯაროვეს. მათი თქმით, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და ყველა ასაკის ზრდასრულ ადამიანს იცავს ვირუსისგან.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 32000-ზე მეტმა მოხალისემ, ძირითადად აშშ–ში, ასევე ჩილესა და პერუში.

კვლევის შედეგების თანახმად, "ასტრაზენეკას" ვაქცინამ სიმპტომური კოვიდ–კოვიდინფირებულების შემთხვევაში 79%–იანი ეფექტიანობა აჩვენა, ხოლო სერიოზული თავიდან აცილების კუთხით კი პრეპარატმა 100%–იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ამასთან, ამერიკელი მეცნიერების თქმით, არ არსებობს მტკიცებულება ვაქცინისა და სისხლის შედედების პრობლემის კავშირს შორის.

ცნობისთვის: ევროპაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა მას შემდეგ, რაც რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრები დროებით შეაჩერეს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებების შემდეგ, რომელთა თანახმად, "ასტრაზენეკას" ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ქვეყნებმა აცრები კვლავ განაახლეს.

მოსახლეობაში ვაქცინისადმი ნდობის ასამაღლებლად 19 მარტს "ასტრაზენეკას" ვაქცინა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრებმა საჯაროდ გაიკეთეს.

მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს, რაც შეეხება საქართველოს პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 123 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 123 869 171 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 727 742 ადამიანი იმსხვერპლა. 99 795 262 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 270 369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3710 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S