დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას ელოდებიან
22/03/2021 06:23:52 საზოგადოება
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას - Pfizer-ს ელოდებიან.
როგორც 14 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში 22 მარტის კვირაში – თვის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა შემოსული.
ოფიციალური ინფორმაციით, გერმანიის ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა Pfizer 95%-იანი ეფექტურობით ხასიათდება და მისი მოქმედების ხანგძლივობა, დაახლოებით, 6 თვეა.
Pfizer შეიცავს, როგორც ქიმიურ, ასევე ბუნებაში არსებულ ნივთიერებებს, მაგალითად, ცილებს. ამასთან, მწარმოებლის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს.
ვაქცინა რეკომენდებულია 16 წლის, ან მეტი ასაკის ადამიანებისთვის. ამ ეტაპზე, ვაქცინა არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე, ფეხმძიმე ქალებისთვის.
Pfizer-ით ვაქცინაცია ორკომპონენტიანია – პაციენტმა განმეორებითი აცრა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს.
რა შემთხვევაში არ უნდა აიცრათ Pfizer-ის ვაქცინით
- თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ან დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია - მაშინაც კი, თუ ის არ იყო მწვავე - mRNA COVID-19 ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე (მაგალითად, პოლიეთილენგლიკოლი);
- თუ თქვენ გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ან დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია - მაშინაც კი, თუ ის არ იყო მწვავე - ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, არ უნდა მიიღოთ მეორე დოზა;
- ალერგიული რეაქცია მწვავედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანს სჭირდება ეპინეფრინით ან EpiPen©- ით მკურნალობა, ან თუ მას დასჭირდა საავადმყოფოსთვის მიმართვა;
- დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია ნიშნავს რეაქციას ვაქცინაციიდან 4 საათში, ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, შეშუპება ან ხიხინი (სუნთქვის გართულება).
შესაძლო გვერდითი მოვლენები
Pfizer-ის ვაქცინით აცრის შემდეგ შესაძლებელია, განვითარდეს აცრის ადგილის ტკივილი, სიწითლე და შეშუპება. ასევე, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.
ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ იწყება ვაქცინის მიღებიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები შეიძლება, გავლენას ახდენდეს ყოველდღიური საქმიანობის უნარზე, მაგრამ მსავსი გამოვლინება რამდენიმე დღეში უნდა ალაგდეს. კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, დაღლილობა და თავის ტკივილი უფრო ხშირი იყო ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ.
მწარმოებლის ინფორმაციით, ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, ალერგიული რეაქციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.


