დასახელდა დრო, როდიდან გამომუშავდება ევროპაში პოპულაციური იმუნიტეტი Covid-19– ის წინააღმდეგ
22/03/2021 06:10:00 მსოფლიო
ევროპას მიმდინარე წლის ივლისისთვის შეუძლია, მიაღწიოს პოპულაციურ იმუნიტეტს Covid-19– ის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა.
"გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი დაჩქარება, რადგან ევროპის ტერიტორიაზე ვაქცინის მეტი დოზები შემოდის. ყველამ ვიცით, რომ ამ პანდემიის დასაძლევად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: ვაქცინაცია. ვაქცინები კი შემოდის. მოდით, ავიღოთ სიმბოლური თარიღი: 14 ივლისისთვის ჩვენ შეგვეძლება პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა მთელ კონტინენტზე”, – განაცხდა ბრეტონმა.
ევროპაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა მას შემდეგ, რაც რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრები დროებით შეაჩერეს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებების შემდეგ, რომელთა თანახმად, "ასტრაზენეკას" ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ქვეყნებმა აცრები კვლავ განაახლეს.
მოსახლეობაში ვაქცინისადმი ნდობის ასამაღლებლად 19 მარტს "ასტრაზენეკას" ვაქცინა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრებმა საჯაროდ გაიკეთეს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს, რაც შეეხება საქართველოს პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 123 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 123 869 171 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 727 742 ადამიანი იმსხვერპლა. 99 795 262 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 277 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 269 973 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3700 გარდაიცვალა.


