მოძრაობა საქართველოსთვის: "მარნეულის ქუჩებში დემონსტრაციულად დავარღვევთ "კომენდანტის საათს"
21/03/2021 09:15:16 საზოგადოება
მარნეულში მოძრაობა საქართველოსთვის დღეს "კომენდანტის საათს" დემონსტრაციულად დაარღვევს. ასეთი გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტივისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის 1 ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა.
როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნაში მიიღებენ მონაწილეობას.
"საქართველოს ხელისუფლებამ, არ გაითვალისწინა ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების თხოვნა, ერთი დღით კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით, რათა მათ სრულფასოვნად აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული!
ამიტომ, ვუცხადებთ სოლიდარობას და 21:00 საათის შემდეგ, მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ დღესასწაულის აღნიშვნაში! პოლიტიკური კომენდანტის საათი უნდა დასრულდეს!", - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: „ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო!“: რატომ ყოფს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს?


