
"საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის"
11/07/2019 07:04:13 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მუხტის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი; ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.
კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.