ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება
19/03/2021 19:44:03 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება.
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აიცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ტიკარაძემ შემდეგი განაცხადა:
„დიახ, მათ შორის ასტრაზენეკას ვაქცინით“.
ამასთან, მისივე თქმით, შესაძლოა, ვაქცინაციის კამპანიის ფორმატი შეიცვალოს.
„მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ და ამ შემთხვევაში გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო ჩვენი აცრა. გადაწყვეტილი იყო, რომ მე ავცრილიყავი ჩინური ვაქცინით, რომელზეც ასევე არაერთი მითია, თუმცა დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია, ვინაიდან, ის რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ასევე, გარკვეული ფორმატი შეიძლება, იყოს შეცვლილი და ამასთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.


